ევას ქალიშვილები: ტრადიციის ბორკილებიდან თავისუფალი ჟანგბადისკენ ტრადიციის დიქტატურა და „ნების წართმევის“ ფენომენი
მოკლე აღწერა
ტრადიციის დიქტატურა და „ნების წართმევის“ ფენომენი ჩვენი რეალობა სულდგმულობს მცდარი რომანტიზმით, რომელიც ათასწლეულების მანძილზე ნიღბავს ადამიანის მიმართ სისტემურ დისკრიმინაციას.
ევას ქალიშვილები: ტრადიციის ბორკილებიდან თავისუფალი ჟანგბადისკენ
ტრადიციის დიქტატურა და „ნების წართმევის“ ფენომენი
ჩვენი რეალობა სულდგმულობს მცდარი რომანტიზმით, რომელიც ათასწლეულების მანძილზე ნიღბავს ადამიანის მიმართ სისტემურ დისკრიმინაციას. როდესაც გვესმის ნოსტალგიური ფრაზები წარსულზე, ხშირად გვავიწყდება ერთი მთავარი გასაღები ფრაზა: „სხვისი ნებით გადაწყვეტილი ქალის ბედი“. ეს არის მდგომარეობა, როცა ინდივიდს ართმევენ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრება; ეს ვლინდება ისეთ მძიმე ფორმებში, როგორიცაა იძულებითი ქორწინება, როდესაც მომავალს მშობლები და სანათესაო წყვეტენ, ან მონაზვნად აღკვეცა იმის გამო რომ ქალმა საზოგადოების სტანდარტი როგორღაც დაარღვია, რაც ხშირად სოციალური თუ ოჯახური წნეხის შედეგი იყო;. ნების წართმევა დღესაც აქტუალური პრობლემაა და ასევე იჩენს თავს ისეთ „ყოველდღიურ“ მოვლენებში, როგორიცაა ქალისთვის განათლების უფლების შეზღუდვა („გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა“), ანდაც მისი პროფესიული არჩევანის აბუჩად აგდება ან მამის, მეუღლის თუ სოციუმის ნებართვის გარეშე ნებისმიერი საყოფაცხოვრებო თუ პირადი გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა. ეს არის ინდივიდუალობის ძალადობრივი შეწყვეტა. სოციუმი, რომელიც თავს დამამშვიდებელი მითებით იკვებება, ცდილობს ყველა ჭირი უცხო გავლენებს დააბრალოს, თუმცა სიმართლე ისაა, რომ მსგავსი სისასტიკე საზოგადოების ისტორიული ხერხემალია, სადაც ადამიანი ხშირად „დანიშნული“ და „ვალდებული“ არსებაა. ეს არის სამყარო, რომელიც ყოველთვის ბრმა და ყრუ იყო ტკივილის მიმართ, სამყარო, სადაც პატრიარქალური დადგენილებები წინ უსწრებს ადამიანის ნამდვილ სურვილს.
ლიტერატურული ქრონიკა და მოჩვენებითი იდილია
მაია წყნეთელიდან დაწყებული, შუშანიკითა და ნესტან-დარეჯანით დამთავრებული, ლიტერატურა მხოლოდ ტკივილის კატალოგია. ეს პერსონაჟები არ არიან მხოლოდ მხატვრული სახეები, ისინი არიან იმ რეალური ადამიანების პროტოტიპები, რომლებიც დღესაც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, სოციალური ქსელების ფილტრებსა და მაკიაჟს ამოფარებულნი. დღევანდელი თაობები იძულებულნი არიან, ოჯახური იდილიის ილუზია შეინარჩუნონ, რადგან დამარცხებული ოცნებებისა და ვერმიღწეული მიზნების აღიარება საზოგადოებრივი ნორმებისგან დასჯადი ქმედებაა. ეს ადამიანები დღესაც იწვიან და იმარხებიან ცოცხლად, ფიზიკურად კი მხოლოდ მაშინ იჩენენ თავს, როცა მათი ტკივილი გაუსაძლისი ხდება, თუმცა ამასაც ილუზიების ქვეშ მალავენ. ეს არის უსამართლობა, რომელსაც ევას ქალიშვილები და მათი შთამომავლები ევადან მოყოლებული ვათრევთ.
დედობა და მშობლობა: პროფესიული ილუზია და ფინანსური მონობა
სამწუხარო რეალობაა, რომ თანასწორობის დეკლარირების ფონზე, საზოგადოება მშობლობას ცალმხრივად აწესებს, რაც ხშირად დედობის „პროფესიად“ გამოცხადებაში ვლინდება. ეს არის სოციალური ხაფანგი, რომელიც ინდივიდს ართმევს უფლებას, იყოს სხვა რამ, გარდა ფუნქციისა. ამ „პროფესიის“ თავსმოხვევა ემსახურება ეგოს დაშოშმინებას, რაც ჰგავს „ყველა ლამაზია“ ტიპის ფსევდო-ნუგეშს – ეს არის ტყუილი, რომელიც მორალურად აკნინებს პიროვნებას. უფრო მეტიც, „დედობა, როგორც პროფესია“ არის ეკონომიკური მექანიზმი, რომელიც ადამიანს ართმევს დამოუკიდებელ შემოსავალს. როდესაც კაცი ამბობს „შენ ჩემთვის ლამაზი ხარ“, ის ხშირად საკუთარი ეგოიზმის ან სიზარმაცის გამო, უარს ამბობს, პარტნიორი დედოფლად აქციოს, და სანაცვლოდ იაფი კომპლიმენტებით აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებას, ჰქონდეს რესურსი – რეგულარულად ეწვიოს სალონს თუ უბრალოდ იზრუნოს საკუთარ თავზე.
ნებართვის ფენომენი და თავისუფლების დესტრუქცია
დამორჩილება იწყება ბავშვობიდან, მაგალითად როდესაც გოგონა მამას სთხოვს ნებართვას თმის შესაჭრელად – თითქოს მისი სხეული მას არ ეკუთვნოდეს. ეს „ნებართვის ფენომენი“ ღრმად არის გამჯდარი მეხსიერებაში და ისეთივე ბუნებრივად გვევლინება, როგორც ზრუნვა. საზოგადოება ამას პატივისცემად ნათლავს, თუმცა სინამდვილეში ეს არის შიშის დანერგვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ბევრი თავისუფლებას არასწორად აიგივებს დეესტრუქციასთან ან ამორალურობასთან. თავისუფლება არ არის საკუთარი თავის განადგურება, ის არის უფლება, დაუყვედრებლად ისუნთქო ის ჟანგბადი, რომელიც შენს არსებობას კვებავს. ამის ხმამაღლა თქმა აუცილებელია, რადგან დუმილის შემთხვევაში, ჩვენ ვხდებით საკუთარი ჩაგვრის თანამონაწილეები.
ადამიანად ყოფნის უფლება და დანაპირები სარკესთან
საბოლოო ჯამში, არსებობს სურვილი სამყაროსი, სადაც ადამიანი იქნება უბრალოდ ადამიანი და არა პრივილეგირებული ან ჩაგრული ფუნქცია. მინდა, მშობლობა იყოს გააზრებული არჩევანი და არა თავსმოხვეული ვალდებულება, რომელიც ადამიანს საკუთარი თავისგან აცარიელებს. მინდა, სარკეში ჩახედვისას აღარ ვხედავდე გატეხილ, დაღლილ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ტყუილებით იიმედებს „ლამაზი სულის“ შესახებ. ცხოვრება პრეროგატივა უნდა იყოს და არა მუდმივი ბრძოლა გადარჩენისთვის. მჯერა, რომ ადამიანად დაბადება და ამ სამყაროში სრულფასოვან არსებად ყოფნა – ეს ის ღირებულებაა, რომელიც ბოლომდე უნდა დავიცვათ და ვირწმუნოთ.
დასკვნა
ამ სტატიით ჩემი მიზანი იყო, ხმამაღლა და კიდევ ერთხელ მესაუბრა პატრიარქალური სტერეოტიპების წინააღმდეგ და გამომეაშკარავებინა ის უხილავი, ყოველდღიური მექანიზმები, რომლებიც ადამიანს ინდივიდუალობას ართმევს. აქ მე გავაანალიზე ტრადიციების დიქტატი, დედობის ფსევდო-პროფესიულ ფუნქციად ქცევა, ფინანსური დამოკიდებულების გამანადგურებელი გავლენა და ის „ნებართვის კულტურა“, რომელიც ბავშვობიდანვე გვაკნინებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ნამდვილი თავისუფლება არ ნიშნავს თვითდესტრუქციას, არამედ გულისხმობს ადამიანის უფლებას, არსებობდეს სქესობრივი ფუნქციების მიღმა, საკუთარი ღირსებითა და დამოუკიდებელი სიცოცხლისუნარიანობით. ჩემი სათქმელი მარტივია: ჩვენი ტრაგედია არ არის გარდაუვალი ბედისწერა, ეს სისტემური დანაშაულია. ამ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა კი, უპირველეს ყოვლისა, იწყება საკუთარ თავში გააზრებული თავისუფლების აღდგენით – იმ თავისუფლების, რომელსაც არავის ნებართვა არ სჭირდება.
3.89